„ქრისტე, ადიდე დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“
დავითამდე ქართველ მეფეებს ჰქონდათ როგორც უცხოური (უმეტესად ბიზანტიური), ისე ქართული ტიტულები. ბიზანტიური ტიტულებიდან ქართველი მეფეები ატარებდნენ პატრიკიოზის, მაგისტროსობის, ნოველისიმოსის, სევასტოსისა და კურაპალატის ტიტულებს, რომელთაგან უმაღლესი კურაპალატობა იყო. თვით ბიზანტიაში სულ 18 ტიტული არსებობდა და ყველაზე საპატიო ტიტულს მეთვრამეტე - კეისარობა წარმოადგენდა, რომელიც იმპერატორმა დავითის მამას გიორგი II-ს მიანიჭა. კურაპალატობა მეთექვსმეტე ტიტული იყო, ანუ მნიშვნელობით მესამე ადგილზე იდგა.
ქართველებიდან ბიზანტიამ ეს ტიტული პირველად ქართლის ერისმთავარს გუარამს მიანიჭა. დავით აღმაშენებელმა ერთიან საქართველოს მეფეთაგან პირველმა უარყო ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები, როგორც ნიშანი ბიზანტიის ხელმწიფესთან თანასწორობისა.
ქართული ტიტულატურა (ტიტულების ჯგუფი), ჩამოყალიბებას ბაგრატ III–ის დროს იწყებს და დავითის შემდეგაც გრძელდება. ბაგრატმა აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის სამეფოები გააერთიანა და შედეგად მიიღო ტიტული – „მეფე აფხაზთა და ქართველთა“[2].
რანისა (არანი) და კახეთის შემოერთების შემდეგ, ქართველ მეფეთა ტიტულიც იზრდება და დავითი იწოდება: „მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა“. მოგვიანებით ამას ემატება წოდება „მეფე სომეხთა“. მას მერე რაც დავითმა ლორე-ტაშირის სამეფო გაათავისუფლა და სომხეთის მეფეები დაიმორჩილა, ქართველ მეფეთა სრული ტიტული გახდა:„მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“[3]
ლორე-ტაშირის გარდა შარვანიცა და ანისიც დავით აღმაშენებელმა სიცოცხლის ბოლო წლებში შემოიერთა და მისი მემკვიდრეების ტიტულატურაში აისახა კიდეც ეს მოვლენა[3]. კერძოდ, მათი ტიტულატურა ასეთი იყო: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“
Комментариев нет:
Отправить комментарий